ვახტანგ მეგრელიშვილი - არჩევნების გაყალბებაზე უარესი იყო წესი, რომლითაც ის ჩავატარეთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - არჩევნების გაყალბებაზე უარესი იყო წესი, რომლითაც ის ჩავატარეთ

„გირჩის“ წარმომადგენელის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბებაზე უარესი იყო წესი, რომლითაც ის ჩატარდა. მისივე თქმით, არჩევნები რომ სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, ქვეყანაში კრიზისი არ იქნებოდა.

აღნიშნული კომენტარით მეგრელიშვილმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენჯერმე ითქვა, რომ ერთი კვირა რჩება შეთანხმების მისაღწევად და შემდეგ უკვე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები უნდა დაიწყოს პარლამენტში. როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები, სად ხედავთ გამოსავალს, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ოპოზიცია კი – გაყალბდა და სწორედ ამ არგუმენტით ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

„არჩევნების გაყალბებაზე უარესი იყო ის წესი, რომლითაც ჩვენ ის ჩავატარეთ. სრულად პროპორციულად რომ ჩატარებულიყო, შეუძლებელი იქნებოდა, დღეს ჩვენ ამ კრიზისში ვყოფილიყავით. ამ წესის დანერგვას „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის თანამშრომლობა სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ მისივე ოფიციალური შედეგებით უსამართლო 14 მანდატი აიღო“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეკითხვაზე, აღნიშნული აზრის სისწორეში დასარწმუნებლად გააგრძელებს თუ არა კონსულტაციებს „გირჩი“ ამ ერთი კვირის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, რამდენად ღირს კონსულტაციები „ევროპულ საქართველოსთან“, თუმცა საზოგადოების დასარწმუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„არ ვიცი, რამდენად ღირს „ევროპულ საქართველოსთან“ , მაგრამ ვეცდებით, საზოგადოება დავარწმუნოთ, ამისთვის ყელაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.