ვახტანგ მეგრელიშვილი - არასამთავრობო სექტორს პარტიებთან დაკავშირებით ფინანსური წყაროების კონტროლზე თავის დროზე ხმა არ ამოუღია, გვიჩიოდნენ კიდეც, რომ რაღაც კანონებს არ ვიცავდით
არასამთავრობო სექტორს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ფინანსური წყაროების კონტროლზე თავის დროზე ხმა არ ამოუღია, გვიჩიოდნენ კიდეც, რომ რაღაც კანონებს არ ვიცავდით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილმა აღნიშნული კომენტარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.
„„ხალხის ძალა“ ძალიან ცდილობს, დააკოპიროს ნებისმიერი რუსული ინიციატივა, რომელიც მას რუსეთს დაამსგავსებს. მაინტერესებს, ამ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ პოზიცია როგორი იქნება, რადგან დღეს ამის გაკეთება ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვაკონტროლოთ დასავლეთიდან შემოსული ფინანსური წყაროები. სინამდვილეში, ეს ამბავი უკვე გაკეთებულია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორმა, რომელსაც ეს ამბავი დღეს ემუქრება, თავის დროზე არათუ ხმა ამოიღო, არამედ გვიჩიოდნენ კიდეც, რომ რაღაც კანონებს არ ვიცავდით. როგორც თავის დროზე ფაშისტების შემთხვევაში, ჯერ იმას მიადგნენ, შემდეგ – ამას, ბოლოს მეც მომადგნენო, „ენჯეო“ სექტორს დაახლოებით ეს ამბავი ემართება. ეს ცვლილებები ვისაც არ უნდა ეხებოდეს, არა მხოლოდ მათ არ უნდა შეეხოთ, არამედ არც პოლიტიკურ პარტიებს და იმ წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ, რომელსაც სახელმწიფო მარეგულირებლები ახორციელებენ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.