ვახტანგ მჭედლიშვილი - ვფიქრობ, ანა დოლიძე თავს გაართმევს იმ გამოწვევებს, რომელიც სასამართლო სისტემას აქვს
„ჩვენ გვაქვს მთავარი გამოწვევა საქმეთა გაჭიანურება, ეფექტიანი მართლმსაჯულება, დარწმუნებული ვარ, მომავალი იუსტიციის საბჭოს წევრის საქმიანობა იქნება ეფექტური და შედეგიანი”,- ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი მის შემცვლელად ანა დოლიძის დასახელებას. მჭედლიშვილი დარწმუნებულია, რომ დოლიძე დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართმევს თავს.
„ვულოცავ ანა დოლიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას. ის არის ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი. ვფიქრობ, რომ აქტიური იქნება და გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს სასამართლო სისტემას“,- განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე წარადგინა.
ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.