ვახტანგ მჭედლიშვილი - განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტს, რომელიც არასდროს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისათვის და იმ პირობისათვის, რომელიც მან დადო ჩემთან და შეასრულა, ის არასდროს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის ოთხწლიანი პერიოდი შეაფასა.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა, რომელიც პრეზიდენტის კვოტით იყო დანიშნული, მადლობა გადაუხადა იუსტიციის საბჭოს თითოეულ წევრსა და მის ოპონენტს.
„ეს იყო ჩემი ბოლო სხდომა და პირველ რიგში, მინდა ქართულ საზოგადოებას გადავუხადო მადლობა, რომ ყოველთვის აქტუალური იყო მათთვის სასამართლო, მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა და საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში. მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა. მადლობა გადვუხადო ჩემს თანამოაზრეებს, საბჭოს წევრებს, მათ ოპონენტებსაც, თუმცა შეიძლება ჩემთან ყოველთვის კომფორტული არ იყო ოპონირების პროცესი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისათვის და იმ პირობისათვის, რომელიც მან დადო ჩემთან და შეასრულა, ის არასოდეს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში“, – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.
რაც შეეხება საბჭოს წევრის სამომავლო გეგმებს, ვახტანგ მჭედლიშვილის თქმით, მისი მომავალი საქმიანობა ისევ სასამართლო სფეროს და მის პროფესიას დაუკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე წარადგინა. ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.