ვახტანგ მახარობლიშვილი - შემდგომ ნაბიჯებზე მუშაობა გაგრძელდება, მჭიდრო კონტაქტზე ვართ ევროკომისიის ინსტიტუტებთან, იანვარში იგეგმება ვიზიტი ბრიუსელში, რათა თითოეული საკითხი დეტალურად გავიაროთ
ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია წევრობაზე მოლაპარაკებები და საქართველოს ევროკავშირის წევრობა.
მახარობლიშვილის თქმით, ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ევროკომისიამ მიიღო ანგარიში და მკაფიო რეკომენდაცია გასცა, საქართველო, ქართული მხარე არ დაელოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, 14 დეკემბერს და უკვე ნოემბრის თვიდან დაიწყო აქტიურად მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, ანუ შემდგომ ნაბიჯებზე. უკიდურესად პოზიტიურად იქნა აღქმული და შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო არ ელოდებოდა წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, არამედ მყისიერად შეუდგა საქმეს და შემდგომი ნაბიჯების იმპლემენტაციას.
მოგეხსენებათ, სამუშაო გეგმა შემუშავდა და გადაეცა ევროპულ მხარეს ასევე მათი მოსაზრებებისა და მათი კომენტარებისთვის. დღეს გვქონდა საშუალება, მოგვესმინა ვიდეომიმართვებისთვის, რაც არის კიდევ ერთი შეფასება, აღიარება იმისა, რომ საქართველომ კარგად განახორციელა საშინაო დავალება. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა წავიდეთ წინ, დროულად დავიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები და ავიხდინოთ ის ოცნება, რასაც საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჰქვია. ეს ცოცხალი, სამუშაო პროცესია. მუდმივად ვართ ძალიან მჭიდრო კონტაქტზე ევროკომისიის შესაბამის ინსტიტუტებთან. ზოგადად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან, კერძოდ, გაფართოების გენერალურ დირექტორატთან, ამავდროულად, სხვა სამსახურებთანაც, რამაც ძალიან ეფექტური სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. დარწმუნებული ვარ, ეს სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. უკვე შედგა კომუნიკაცია საელჩოს მხრიდან შესაბამის სამსახურებთან, იყო ძალიან საინტერესო კომუნიკაცია მინისტრის დონეზე შესაბამის სამსახურებთან და იანვარში იგეგმება უწყებათაშორისი ვიზიტი ბრიუსელში, რათა თითოეული თემა და საკითხი დეტალურად, კონკრეტიკით გავიაროთ, რომ გვქონდეს კარგი აღქმა, რა მოლოდინი არის ბრიუსელის მხრიდან და ეფექტურად გადავდგათ ნაბიჯები“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.