ვახტანგ მახარობლიშვილი - შარლ მიშელმა დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მზად არის, დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში
ტრადიციისამებრ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი, დაწყებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზით, დამთავრებული რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების მდგომარეობით, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა საინტერესო, შინაარსით დატვირთული იყო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპელ კოლეგას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, მათ შორის 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია, იმ ვალდებულებების, რომლებიც დაგვეკისრა და ავიღეთ ევროკომისიასთან. ამავდროულად, საუბარი იყო ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების თემატიკა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ისევე, როგორც ახალი პროექტები და შესაძლებლობები, რა მიმართულებითაც საქართველომ, შესაძლოა, ძალიან პოზიტიური და აქტუალური როლი შეასრულოს, ჩვენს რეგიონში და, ზოგადად, ევროპაში. გზავნილები იყო ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შარლ მიშელი მზად არის, ყველა ეტაპზე დაეხმაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ჩვენს ქვეყანას როგორც რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე ევროკავშირის შიგნით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების კონტექსტში. მიმდინარე ეტაპზე, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკომისიის შუალედურ ანგარიშს, ხოლო მოგვიანებით – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელსაც შარლ მიშელი ხელმძღვანელობს, მსგავსი ტიპის შეხვედრა უაღრესად დროული, საჭირო და მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა, მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია ან ერთობლივი განცხადების გაკეთება არცერთ ეტაპზე არ იყო დაგეგმილი და ჩანიშნული.
„ზოგადად, შეხვედრა გაგრძელდა დაგეგმილზე ორჯერ დიდხანს. თავიდან იყო გაფართოებული, შემდეგ კი პირისპირ შეხვედრა. ფაქტი, რომ ეს პრესკონფერენცია არც დაგეგმილი და არც გაუქმებული ყოფილა, შეიძლება მარტივად გადამოწმდეს ევროკავშირის საბჭოს შესაბამის სამსახურებთანაც“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვდა.