ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ითქვა, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა
ევროპულმა მხარემ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის ძალისხმევა და რეფორმები, რომლებსაც ქართული მხარე ახორციელებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მეოთხე სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე პირდაპირ ითქვა, რომ საქართველო რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა.
როგორც მან პირველ არხს განუცხადა, სხდომაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა აქტუალური თემა განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკური და სექტორალური თანამშრომლობის საკითხებს და უსაფრთხოების თემებს.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ტერიტორიების ოკუპაცია, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
ევროპულმა მხარემ უარყოფითად შეაფასა იმ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უწევთ ცხოვრება.
გარდა ამისა, კომიტეტზე დიდი დრო დაეთმო განათლების სფეროზე საუბარს და როგორც ევროპულმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, ქართველი ახალგაზრდებისათვის გაცვლითი სასწავლო პროგრამების დასაფინანსებლად დამატებით თანხებს გამოყოფს.
„დღევანდელი სხდომა იყო შინაარსობრივად ძალიან დატვირთული, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია წარმატებული სხდომა. უნდა აღვნიშნო, რომ ევროპულმა მხარემ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის ძალისხმევა და რეფორმები, რომლებსაც ქართული მხარე ახორციელებს. პირდაპირ ითქვა, რომ საქართველო არის რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული ქვეყანა. რაც მთავარია, ევროპული მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ გააგრძელოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური თვალსაზრისით“ – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა