ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც აქვს პერსპექტივა და მკაფიო გზა ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის
ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც აქვს პერსპექტივა და მკაფიო გზა ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის

საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს პერსპექტივა და მკაფიო გზა ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროპა დგას საქართვეოს გვერდით, ისევე როგორც უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დღე, რომელსაც ვზეიმობთ, 1918 წელს რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლებას აღნიშნავს. სამწუხაროდ, მაშინდელმა სამყარომ ვერ შეძლო საქართველოს გვერდით დგომა, როდესაც რუსეთი ხელახლა შემოიჭრა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი წლის შემდეგ. დღეს ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს და საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის. 100 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ევროპა დგას საქართველოს გვერდით, ისევე როგორ უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ევროპული მხარდაჭერა და სოლიდარობა არის ასევე ის, რისი აღნიშვნაც გვსურს ამაღამ“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მახარობლიშვილის განმარტებით, ბელგიისა და საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებული წელია.

„არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს არის განსაკუთრებული წელი ბელგიისა და საქართველოს ურთერთიერთობებში. ბელგიის უმთავრესი კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ წელს მიეძღვნება საქართველოს მდიდარ, მრავალფეროვან ხელოვნებას და ისტორიას, თანამედროვე და უახლოეს ხელოვნებას. საქართველოს კულტურა და ხელოვნება წარმოდგენილი იქნება ათობით გამოფენაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე, კინოდარბაზსა და თეატრში მთელი ბელგიის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო „ევროპალია“ ხელოვნების ფესტივალს და განსაკუთრებით ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მოგვცა საშუალება, საქართველოს საუკეთესო ქმნილებები ჩამოგვეტანა ბელგიაში და ყველასთვის გავეზიარებინა“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.