ვახტანგ მახარობლიშვილი - ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგში პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ეს თვისობრივად ცვლის ურთიერთობებს
ვახტანგ მახარობლიშვილი - ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგში პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ეს თვისობრივად ცვლის ურთიერთობებს

ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ისევე როგორც საუბარი შედგება უმაღლეს წარმომადგენელთან, ბატონ ბორელთან, გაფართოების და სამეზობლოს ევროკომისართან, ბატონ ვარჰეისთან და კომისარ ლენარჩიჩთან, რომელიც პასუხისმგებელია სწორედაც ევროკავშირის კატასტროფების დაძლევის მიმართულებებზე, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან.

„წინა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგი განსხვავდებოდა მიმდინარე წლის დღის წესრიგისგან, სხვადასხვა ფორმულირებით ხდებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჩანაწერის გაკეთება. ვფიქრობ, უაღრესად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგში პირდაპირ არის მითითებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს თვისობრივად ცვლის ჩვენს დისკუსიას და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან. ნებისმიერი ნაბიჯი და ნებისმიერი ურთიერთობა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.