ვახტანგ მახარობლიშვილი - მისასალმებელია ყველა ინიციატივა, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების მსურველებს პარტნიორი ქვეყნები სთავაზობენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის შეფასებით, მისასალმებელია ყველა ის ინიციატივა, რომელსაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველი მოქალაქეების მხარდასაჭერად პარტნიორი ქვეყნები გამოთქვამენ.
„ზოგადად, ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, მივესალმებით გერმანიის გადაწყვეტილებას აღნიშნული მიმართულებით. აღვნიშნავდი, რომ საფრანგეთს ამ კუთხით უკვე ახორციელებს მსგავს პროგრამებს. უფრო მეტიც, საქართველოს სახელმწიფოს, კერძოდ კი, ლტოლვილთა და განსახლების სამინიატროსაც აქვს რეადმისირებული საქართველოს მოაქალაქეებისთვის ანალოგიური პროგრამა, მათი რეინტეგრაციის მიმართულებით საზოგადოებაში“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები მხოლოდ მისასალმებელია და პოზიტიურად აისახება სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროცესზე. „ბუნებრივია, ეს მხოლოდ და მხოლოდ სტიმულის მომცემი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებსა და კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებულ საკითხებს, მახარობლიშვილის განცხადებით, ამაზე ქართულმა მხარემ მყისიერი რეაგირება მოახდინა და შს მინისტრის მოადგილე გერმანიაში გაემგზავრა.
„როდესაც გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. ისედაც მუდმივ კავშირზე ვართ პარტნიორებთან. შესაბამისად, როდესაც გერმანიაში დაფიქსირდა გარკვეული წუხილი ამ კუთხით, შს მინისტრის მოადგილე გაემგზავრა გერმანიაში და შეხვედრები გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტს პოზიტიურად ვაფასებთ“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიიდან ავსტრიაში გაემგზავრა და დამატებითი კომენტარები მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაკეთდება. ქართული მხარე მზაობას გამოხატავს გამოსავლის პოვნისა და არსებული წუხილის შემცირების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან იმუშაოს.
ამასთან, როგორც მახარობლიშვილმა აღნიშნა, პარტნიორ სახელმწიფოებში ყველაზე გამოკვეთილი პრობლემა, ამ ეტაპზე, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა საკითხია.
„ბუნებრივია, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები არის არა მარტი გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ყველას გვახსოვს ისლანდია, სადაც პრობლემა ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრა. არის შვედეთი, შეიძლება საფრანგეთიც იყოს, სადაც მატებაა, საუბარია თავშესაფრის მაძიებლებზე. ეს პრობლემა გამოკვეთილია დღესდღეობით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პროცენტული მაჩვენებელი იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საფრანგეთის მთავრობა, გერმანიის მსგავსად, სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, დახმარებას სთავაზობს.