ვახტანგ მახარობლიშვილი - ბრიუსელში გამართულმა ყველა შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ვახტანგ მახარობლიშვილი - ბრიუსელში გამართულმა ყველა შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო-ევროკავშირის რიგით მერვე ასოცირების საბჭოზე გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია. მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს შედეგები, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე და ევროკომისიამ აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა.

ამასთან, როგორც მახარობლიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი დისკუსია შეეხო ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციას.

„ორივე მხარემ ისაუბრა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ, ერთი მხრივ, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობის დიდ სურვილს, რომ გაწევრიანებულიყვნენ ევროკავშირში, მეორე მხრივ, იმ ძალისხმევას, ჩატარებულ რეფორმებს და საქმიანობას, რომელიც ქართულმა მხარემ გაწია დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე. ქართულმა მხარემ ევროპულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადაიდგა და იდგმება ცხრა ნაბიჯის განხორციელების მიმართულებით. ევროპულმა მხარემ, ევროკომისიამ, ისევე როგორც საბჭომ, აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა აღნიშნულ პროცესში.

მნიშვნელოვანი დისკუსია ასევე შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც შეეხება ევროკავშირის შიდა ბაზარში საქართველოს ინტეგრაციას. ძალიან საინტერესო და, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი, რომელიც ეხება როუმინგის, ასევე საბანკო გადარიცხვების თემატიკას. ეს ის ორი დიდი თემაა, რომლის ჰარმონიზებაც მოქალაქეებს გაუადვილებს კომუნიკაციას ევროკავშირის სივრცეში. ასევე, ბუნებრივია, ხაზი გაესვა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირის კრიზისებისა და კატასტროფების პრევენციების მექანიზმში. ფაქტობრივად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული მიმართულებით. ალბათ ახლო მომავალში მოხდება საქართველოს გაწევრიანება აღნიშნულ მექანიზმში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულები საქართველოს მხარდაჭერისა და დახმარების მიმართულებით საქართველოს სამწუხარო შემთხვევების პირობებში“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საუბარი ასევე იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით.

„ქართულმა მხარემ ევროპულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან, ბოლო ინციდენტებთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე, რაც შეიძლება, ერთობლივად გადაიდგას, რათა მოვახერხოთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობასთან დაკავშირებით, ასევე იმ როლთან დაკავშირებით, რა როლსაც ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ახორციელებს. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა კონკრეტული შედეგები იქნეს მიღწეული შესაბამის ფორმატებში“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.

ამასთან, მან ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გაეხსნა.

„ბუნებრივია, მხარეებმა ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს შემდგომ ეტაპთან, ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან. ყველა ამ შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ყველა შეხვედრაზე საუბარია, რა მხარდაჭერა შეიძლება აღმოგვიჩინოს ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით და რა შესაძლო ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ. ამიტომ, შესაჯამებლად ნამდვილად ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან პროდუქტიული, მომავალზე ორიენტირებული და შინაარსით დატვირთული შეხვედრები გაიმართა“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.