ვახტანგ მახარობლიშვილი - ასოცირების საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესმება, რომ შემდეგი უახლოესი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება
დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა, რომელიც პირველად ჩატარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო. ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.
ყურადღებას გავამახვილებდი ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც გახლავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშევნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის, რადგან აქედან ჩანს, რომ ევროკავშირთან ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე.
ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ახორციელებს საქართველო. იმ ცხრა ნაბიჯზე, რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკომისიამ და მათი იმპლემენტაციის მდგომარეობაზე“,- განაცხადა მახარობლიშვილმა.
მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ასევე ხაზი გაესმება, რომ შემდეგი უახლოესი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება.
„ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება სექტორულ ინტეგრაციაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, და, ზოგადად, საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის თემატიკაზე. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ევროპულ მხარესთან. რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო პროცესები, მათ შორის როუმინგის თემატიკასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროკავშირის კატასტროფების მექანიზმებში გაწევრიანებასთან მიმართულებით და კიდევ რამდენიმე მიმართულებით სხვა სექტორული კუთხით.
საქართველო აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას, რომ მაქსიმალურად დავახლოვდეთ ევროკავშირთან ყველა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა.
მახარობლიშვილის თქმით, ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ასევე, საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე.
„ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს მიაწვდის ინფორმაციას იმ მძიმე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში. და ბუნებრივია, დისკუსია გაიმართება, როგორ შეიძლება შემდგომი, პოზიტიური როლი შეასრულოს ევროკავშირმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.