ვახტანგ მახარობლიშვილი - აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ქართული მხარე, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს იმ პროცესზე, რომელიც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსთან
ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ქართული მხარე, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმ რეფორმებსა და მოლოდინებზე, რაც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან.
ამასთან, მახარობლიშვილის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ახლო მომავალში საქართველოც გახდება კანდიდატი ქვეყანა და ამ ფონზე აღმოსავლეთ პარტნიორობას ესაჭიროება სამომავლო საქმიანობის ახალი ხედვა.
ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, სხდომის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს იმ ახალ ინიციატივებსა თუ პროექტებზე, რომლებმაც, შესაძლოა, აღმოსავლეთ პარტნიორობას ახალი ფუნქცია და როლი შესძინოს.
„ბრიუსელში დღეს დაიწყო საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ქართული მხარე მინისტერიალზე ყურადღებას გაამახვილებს, პირველ რიგში, იმ პროცესზე, იმ რეფორმებსა და მოლოდინებზე, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით მიმდინარე დღეების განმავლობაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით. ამავდროულად, სხდომის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს იმ ახალ ინიციატივებსა თუ პროექტებზე, რომლებმაც, შესაძლოა, აღმოსავლეთ პარტნიორობას ახალი ფუნქცია და როლი შესძინოს იმ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ სახელმწიფოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და ორი ქვეყანა უკვე კანდიდატი სახელმწიფოა, და, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ახლო მომავალში საქართველოც გახდება კანდიდატი ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობას ესაჭიროება სამომავლო საქმიანობის ახალი ხედვა. შესაბამისად, მიმდინარე მინისტერიალი მიძღვნილი იქნება სწორედ ახალი ინიციატივებისა და პროექტების იდენტიფიცირებაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამომავლოდ აღნიშნული ფორმატის წარმატებას. ქართულ მხარეს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა შეიძლება იყოს ეს ინიციატივები და პროექტები, მათ შორის არის დაკავშირებადობა, ციფრული კავშირები და, გარკვეულწილად, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რაც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში და აუცილებლად გაჟღერდება ქართული მხარის მიერ“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.