ვახტანგ კაპანაძე - პუტინმა წააგო გადამწყვეტი ბრძოლა კიევისთვის და ახლა ემზადება დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის
შეიძლება, ითქვას, რომ პუტინმა წააგო გადამწყვეტი ბრძოლა კიევისთვის და ახლა ემზადება დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის, – ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„როგორც იქნა, პუტინამდე დაიყვანეს, რომ ასეთ ჰორიზონტალურ ესკალაციას არ აქვს წარმატება და ძალების გაფანტვით ვერ ხერხდება იმ ამოცანების შესრულება, რომელიც დასახული იყო. შესაბამისად, ისინი ახორციელებენ ძალების თავმოყრას დონბასის მიმართულებაზე, სადაც თავიდანვე ჰქონდათ გარკვეული წარმატებები და მთავარი დარტყმის მიმართულება ალბათ, დონბასი იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.
ვახტანგ კაპანაძის თქმით, რუსეთს ალბათ, მეტი სჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერს აჩქარებდა, რადგან მოდის 9 მაისი და შესაბამისად, გარკვეული წარმატებები სჭირდებათ.
„სხვათა შორის, ეს სიჩქარე ბევრგან გამოიხატა. ოპერატიულ გათვლებში დროის გაუთვლელობა ყველაფერში ეტყობოდათ, კამპანიის პირველ ფაზაშიც და ახლაც“, – განაცხადა კაპანაძემ.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გათვლებით, დონბასის ფრონტზე სამ-ოთხ დღეში ძალიან დიდი ბრძოლა დაიწყება.
„ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან დიდი ხორცსაკეპი მანქანა. ისეთი, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს“, – განაცხადა კაპანაძემ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, რუსეთმა განსაკუთრებით ამ რეგიონში მცირე ტაქტიკური მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ამ რეგიონში, ამ ეტაპზე, მასობრივი განადგურების იარაღს ვერ გამოიყენებს და ალბათ, არ გამოიყენებს, რადგან ჯარების დანაყოფები ძალიან ახლოა.