ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია
შეიძლება, ოდესას შემოუარონ და იერიში არ განახორციელონ, – ამის შესახებ ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა და ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ქალაქის აღება დამატებით რესურსებს, დროს, ტემპის დაკარგვას და ა.შ მოითხოვს. შეიძლება, ოდესას შემოუარონ და გადაადგილება განახორციელონ დნესტრისპირეთის მიმართულებით, ამ შემთხვევაში მოლდოვას მიმართულებით. ამ შემთხვევაში, უკვე შავ ზღვასაც წყვეტენ უკრაინას“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, რუსულ საინფორმაციო წყაროებში გაჟღერდა, რომ დონეცკის და ლუგანსკის მილიცია სამხედრო დაჯგუფებას ქმნის.
„მე არ ვარ დაზვერვის ცენტრში და სადაზვერვო ინფორმაციები არ მომდის. უბრალოდ, სამხედრო ლოგიკური თანმიმდევრობით ვაწყობ შესაძლო მოვლენებს. თუმცა, ომი სავსეა პარადოქსებით. ის, რაც რუსულ საინფორმაციო წყაროებში გაჟღერდა, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მთავარი ძალების ჩანაცვლება მოხდება ადგილობრივი, ლუგანსკი-დონეცკის ძალებით, რომლის ამოცანა იქნება ძალების შეკავება, უკრაინული ძალების მიბმა ამ მიმართულებაზე და ხომ არ შეიძლება, ყირიმის მიმართულება გახდეს მთავარი დარტყმის მიმართულება? სამხედრო ლოგიკით ეს ადვილი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება უამრავი დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ პირველადი ინფორმაციით, ეს ყველაფერი თითქოს, ჯდება ლოგიკურ ჯაჭვში“, – განაცხადა კაპანაძემ.
როგორც ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, დღესდღეობით ვერ ხედავს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ძირითადი ძალები კიევის მიმართულებით შესაბამისი ტემპით გადაადგილდებოდეს.
„რა თქმა უნდა, რუსებს თავისი დაზვერვაც ეყოლებოდათ, მაგრამ არ ვიცი, ეს დესანტი, უხეშად ვამბობ, ერთი ბრიგადა რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ სამმილიონიანი ქალაქი აიღო. არ ვიცი, მათ ან მეხუთე კოლონა ჰყავთ, რომლის მოქმედების იმედზეც არიან ამ ქალაქში, ან კიდევ ერთი ფაქტორია, რომ ესეც არის ყალბი, ყურადღების გადატანისთვის, რათა ძირითადი შეტევა მაინც სამხრეთის მიმართულებით განხორციელდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.
გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში, მხარეთა რესურსების გათვალისწინებით, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია უკრაინის კიდევ უფრო შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობა რუსეთსაც კარგად ესმის და აეროდრომების, ასაფრენი ბილიკების დაბომბვა ამიტომაც განახორციელეს, რომ ერთი, ისინი გამოყენებული არ იქნას უკრაინული ავიაციის მიერ და მეორე, არ მოხდეს ტვირთების დაჯდომა, რომელიც შეიძლება, ევროპამ მხარდასაჭერად გადმოაფრინოს.
„სანამ ღიაა მიმართულება, საზღვარი ნატო-სთან, ანუ რუმინეთი-სლოვაკეთი-პოლონეთი და მერე ბალტიის ქვეყნები, ეს საზღვარი ვიდრე უკრაინელების მიერ იქნება კონტროლირებადი, რა თქმა უნდა, შემოდინება მუდმივად არის შესაძლებელი. ეს ალბათ, მიმდინარეობს და წესით, უნდა გაიზარდოს კიდეც, მაგრამ თუ რუსებმა მოახერხეს და შემდეგი ქმედებებით ეს მიმართულება გადაკეტეს, თუნდაც, იგივე ორმხრივი მიმართულებით, ყველაზე ვიწრო წერტილი სადაც არის, მოლდავეთიდან ჩრდილო ბელორუსამდე, ჩერნობილის მიმართულებიდან გამომდინარე, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მიწოდება რთული იქნება და უკრაინას ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.