ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.