ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის რეგიონული დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე დაესწრო.
მინისტრმა თანამშრომლებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ვახტანგ გომელაურმა სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მომავალი წლის პირველი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.