ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა დიმიტრიოს კარაბალისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.