ვახტანგ გომელაურმა და ზურაბ აზარაშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ვახტანგ გომელაურმა და ზურაბ აზარაშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულ მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო.

გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს ასევე დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები.

ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის, 29 ივლისს გუდაურთან მოხდა. სამაშველო ოპერაციისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაიკრძალნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.