ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ. იმ ადგილზე, სადაც 12 წლის წინ 17 სამხედრო გმირულად დაეცა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. ადგილზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
მემორიალთან გადაიხადეს დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად ჩავიდა. შინდისში იმყოფება ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მათ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
შს მინისტრის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსი უბედურება აღარ განმეორდეს.
„12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტო საქართველოსთვის უმძიმესი იყო. დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, შვილები, ძმები. მშობლები დგანან მემორიალთან და სიტყვებიც არ მყოფნის, რითი ვანუგეშო. ძალიან ძნელია ყველა ქართველისთვის. ამ გმირების ისტორიებზე უნდა იზრდებოდეს ყველა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ეს დიდი უბედურება“, – განაცხადა გომელაურმა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, ეს არის მწარე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც დავიწყება არ ექნება.
„დიდება მათ სახელებს. მათ სახელებზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები. ეს არის ყველასთვის მძიმე დღე. მათი სულების უკვდავსაყოფად ყოველდღე უნდა ჩამოვიდეთ და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.