ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პარაპლანის ინსტრუქტორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანის ინსტრუქტორი ამოყვანილია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავთ.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ინსტრუქტორთან ერთად იყო.
„ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით დაფრინავდა, დაშავებულია, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. დაშავებული, ქართველი ვინც იყო, ამოიყვანეს, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რვა ადამიანი დაიღუპა.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის, ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. უბედური შემთხვევა მოხდა, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი“, – განაცხადა გომელაურმა.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.