ვახტანგ გომელაური - ზურაბიშვილმა გრიგორიადისი გაათავისუფლა, დღეს ჭკუას გვარიგებს, ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი სალომე და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ რამე პირველებმა დავიწყეთ
იცით, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი გაათავისუფლა, დღეს ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს, რა უნდა გავაკეთოთ. ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი სალომე და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აქციაზე პოლიცია არასდროს შედის კონტაქტში მომიტინგეებთან.
„გუშინ, მაგალითად, აქციაზე სამი ადგილიდან დაიძრნენ და მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ. პოლიცია იყო ჩართული. არასდროს არ იწყებს პოლიცია ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. თუ წამოვა მომიტინგეებისგან აგრესია, ჩვენ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ. ჩვენ მშვიდობიან აქციას არასდროს ხელს არ ვუშლით. არანაირად არ შევდივართ კონტაქტში, პირიქით, ვეხმარებით ხოლმე. თუმცა, მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევ, როცა ამტვრევენ სკამებს, ურნებს, წვავენ, ცეცხლს უკიდებენ, ეს მშვიდობიანი აქცია არ არის. რატომღაც ასე ნათლავენ ხოლმე“, – განაცხადა გომელაურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე სამართალდამცველებს მიმართა: „მინდა, მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ გაბედოთ ის, რაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, რომ დააშინოთ საზოგადოება, რომელმაც აჩვენა, რამდენად მშვიდობიანი, შეგნებული, შემართებული და რამდენად არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან“.