ვახტანგ გომელაური - ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუშინ ერთ ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა
ვახტანგ გომელაური - ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუშინ ერთ ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუშინ ერთ ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გუშინ მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„შენობის შიგნით დარჩენილი 43 ადამიანისთვის ყველაფერი გააკეთეს შსს-მ, ჩვენმა ხელისუფლებამ. პირველი ჩვენი ამოცანა იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, პრემიერ-მინისტრთანაც. დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა. იყო ეტაპობრივი გამოშვევები, ჯერ 14, შემდეგ შვიდი, შემდეგ ცხრა კაცი და ა.შ. ჩვენი თანამშრომელი მივიდა, უთხრა, გამოგყვებით ხუთი, ათი კაცი, რამდენიც გინდა. თავიდან უარს ამბობდა, მერე დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე. მადლობა ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავი გაწირა. არც ჩემთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი თანამშრომლის გაშვება. ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა, ან არა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემთვისაც მძიმე იყო. ბატონი ავთოსთვისაც რთული იყო, ერთი წამით უარი არ უთქვამს. თავისი გმირული ნაბიჯისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. წაიყვანა მძევლებიც  – სამი ადამიანი, რომლებიც მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დაგვეკავებინა, მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას. გამოძიების მიმდინარეობაზე ვერაფერს გეტყვით, ერთმა სიტყვამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გამოძიებას. 43 მძევალი გავათავისუფლეთ. მეორე ეტაპია, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა გომელაურმა.