ვახტანგ გომელაური - ყაზბეგის პუნქტზე მყოფ ერთ-ერთ ქალზე ატყდა ამბავი, რუსეთში უნდა დაიჭირონო, რეკავდნენ ელჩები, ვეუბნებოდი, ორჯერ შებრძანდა რუსეთში და რატომ არ დააკავეს? ყველა ჩუმდებოდა და ბოდიშს იხდიდა
ყაზბეგის პუნქტზე იჯდა ქალი დაახლოებით ათი დღე, ამბობდნენ, უნდა დაიჭირონო, როცა მოდიოდნენ ელჩები პირადად ჩემთან, ვეუბნებოდი, ეს ადამიანი ორჯერ გადავიდა და გადმოვიდა საზღვარზე, შებრძანდა რუსეთში, თუ დაპატიმრება უნდოდათ, რატომ არ დააკავეს? ყველა ჩუმდებოდა, ჩვენ ასე გვითხრესო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მინისტრმა პარლამენტის სესიაზე უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას, რომელიც რუსი ჟურნალისტების ქვეყანაში შემოშვების საკითხს ეხებოდა.
„ოპოზიციაში ნერვიულობენ, ორი დღე რატომ სხედან რუსები აეროპორტშიო. მაგალითს მოვიყვან, ყაზბეგის პუნქტზე იჯდა ქალი დაახლოებით ათი დღე. ატყდა ამბავი, ყველამ დარეკა, ელჩებმა, არასამთავრობოებმა. ამ ადამიანს თურმე დასდევს სპეცსამსახურები, „ფეესბე“, დროზე შემოუშვით, უნდა დაიჭირონო. როცა მოდიოდნენ ელჩები პირადად ჩემთან, აღარ დავასახელებ ელჩების სახელებს და გვარებს, ვეუბნებოდი, ეს ადამიანი ორჯერ გადავიდა და გადმოვიდა საზღვარზე, ორჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, შებრძანდა რუსეთში, გამობრძანდა. თუ ეძებენ, დასდევენ, უნდოდათ დაეპატიმრებინათ, კაციშვილმა ხელი არ მოკიდა? ყველა ჩუმდებოდა, კაი, ჩვენ ასე გვითხრეს, ბოდიშიო და მიდიოდნენ უკან. ეს არის რეალობა. ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ხოლმე. ეს ქალი მერე სხვა ქვეყანაში წაიყვანეს“, – განაცხადა გომელაურმა.