ვახტანგ გომელაური - წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები არა მარტო სასაზღვრო პოლიციაში, არამედ სხვა სამსახურებშიც მიმდინარეობდა. წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მათ შორის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ავჭალაში გავხსენით დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები.
წალენჯიხაში გავხსენით პოლიციის ახალი შენობა.
პანკისში, სოფელ ძიბახევში აშენდა პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობა.
ბაკურიანსა და რუსთავში გავხსენით პოლიციის ახალი შენობები.
თბილისში, მომსახურების სააგენტოში გაიხსნა იარაღების სარეგისტრაციო ახალი შენობა, ხოლო რეგიონებში – ქუთაისსა და ბათუმში, განახლდა ინფრასტრუქტურა.
მაისში მცხეთაში გაიხსნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი. მოგეხსენებათ, ცენტრი ე.წ. ერთი სარკმლის პრინციპით 50-მდე საპოლიციო სერვისს ახორციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი 2020 წელს განახლდა 320 ახალი ავტომანქანით.
რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოებას, სულ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია 4 696 ვიდეოკამერა და 251 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც ჯამურად კონტროლდება 1 100 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთი“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება ახალი შენობები და განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.