ვახტანგ გომელაური - ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რითაც მოქალაქეს შეეძლება, საპატრულო პოლიციას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები მიაწოდოს
ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, იგეგმება ასევე ექსპრესმომსახურების მობილური სერვისცენტრების ამოქმედება ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
„საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით. საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრესმომსახურების მობილურ სერვისცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.