ვფიქრობ, პრევენცია მოხდა, ქვეყანამ საფრთხეები აიცილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ეს არის კონტრტერორისტული დეპარტამენტის, ჩვენი სამსახურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალოვანი უწყებების მუშაობის შედეგი. ერთი ადამიანი დაიღუპა და ეს სამწუხაროა. არც ერთ მოქალაქეს ზიანი არ მიუღია“, – აღნიშნა გომელაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების თემაზე. ვახტანგ გომელაურის თქმით, სუს-ის პრესსამსახურს მედიასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა და ბრიფინგების უფრო ინტენსიურად ჩატარება არ იქნებოდა მიზანშეწონილი.
„როგორც ვიცი, ჩვენი პრესსამსახური კავშირზე იყო ყველა ტელევიზიასთან და კომუნიკაცია არსებობდა. რაც ხდებოდა შიგნით, იარაღის ყოველ გასროლაზე, თუ არ იქნებოდა ფასეული და ღირებული ინფორმაცია, მისი გამოტანა და ყოველ წუთს პრესკონფერენციების ჩატარება, ვფიქრობ, არ იქნებოდა მიზანშეწონილი“, – აღნიშნა გომელაურმა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.
შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.
ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.