ვახტანგ გომელაური - უნდა გავითვალისწინოთ, პოლიციისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსაც ჰყავთ ოჯახები, ცალმხრივად საუბარი არ შეიძლება
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, რომლებმაც მისი თქმით, 20 ივნისს პარლამენტის შენობა და სახელმწიფო დაიცვეს.
გომელაურის შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო 20 წლით უკან დაიხევდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, რიგითით დაწყებული, მინისტრით დასრულებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. 20 წლით უკან გადავარდებოდა ქვეყანა. გადაცდომები იყო, აქედან გამომდინარე, დაკავებულები არიან ადამიანები, მიუსაჯეს, გაასამართლეს პოლიციელებიც. თუ გადაცდომა იქნება, მომხრე ვიქნები, დაისაჯოს პოლიციელებიც და მოქალაქეებიც, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ პოლიციელია მტყუანი და მოქალაქეები არიან მართლები“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, პოლიციელებსაც ჰყავთ ოჯახები და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
„ძალიან მძიმეა, მესმის იმ ადამიანების, იმ გოგონასი თუნდაც, ყველას შვილები გვყავს, დები, ძმები გვყავს და ყველამ ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ, ძალიან მძიმეა და ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ასევე ყველას გვყავს დები და ძმები პოლიციის თანამშრომლებს და ძალოვანის თანამშრომლებს. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. არ შეიძლება ცალმხრივად საუბარი“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მისი თქმით, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა.
„თუმცა ისევ და ისევ მინდა, პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, ვინც ნამდვილად დაიცვა ეს შენობა, ჩვენი სახელმწიფო ამ დიდი უბედურებისგან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.