ვახტანგ გომელაური - უახლოეს მომავალში დასრულდება თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში დასრულდება თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე.
მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა სასაზღვრო პოლიციის სექტორი.
როგორც გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფი, რომლის დისტანციურად მუშაობა წარმოუდგენელია, არის ჩვენი სასაზღვრო პოლიცია.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარს ღირსეული ადამიანები იცავენ. 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. 2020 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის აშშ-ის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოთხი სასაზღვრო სექტორი:
– დედოფლისწყაროს სამმართველოს სექტორი „ლეკისყურე“;
– ბათუმის სამმართველოს სექტორი „ჩირუხი“;
– ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „თრუსო“.
საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციაში განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.
– აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, ოცი ერთეული ყველგანმავალი – „არგო“ გადმოეცა;
– სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკს მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანა შეემატა;
– სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, თურქული მხარის მხარდაჭერით, გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები – „სოხუმი“ და „ფოთი“.
„ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი მფრინავების თავდაუზოგავი შრომა – მათ უწევთ როგორც სტიქიასთან გამკლავება, ასევე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მათ არაერთი ფრენა განახორციელეს როგორც სასაზღვრო, ასევე, სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას, და გარდა ამისა, ასრულებენ სამოქალაქო ავიარეისებს მთის მოსახლეობის დასახმარებლად.
– 2020 წელს ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმი გაფორმდა სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის (MARCOM), რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამშრომლობის სფეროები;
– აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სექტორის მშენებლობა“, – განაცხადა გომელაურმა.