ვახტანგ გომელაური თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, უწყება გვერდში დაუდგეს და დახმარება აღმოუჩინოს ადგილზე მომუშავე კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.
„ბატონო მინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ მძიმე წუთებში მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა. აქვე მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი უწყების მზადყოფნა, გვერდში დავუდგეთ და დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილზე მომუშავე ჩვენს კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას და ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს“, – აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 10 პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.