ვახტანგ გომელაური - თბილისის მსგავსად, ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება.
„კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. დანაყოფების მიერ მოხდება ონლაინსივრცის პროაქტიური მონიტორინგი, არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის შინაარსის ვებგვერდების დროული იდენტიფიცირების მიზნით“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შემუშავებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების სტრატეგიის პროექტი და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ შესასრულებელი ერთ-ერთი ვალდებულებაა.