ვახტანგ გომელაური - სუს-ი ატარებდა ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, მათგან მომდინარე შედეგების განეიტრალების მიმართულებით
2018 წელს სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის და დაინტერესების სფეროების დადგენისკენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები სპეცსამსახურების მხრიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით.
„საანგარიშო პერიოდში, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება“, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომლის ფარგლებშიც ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე შედეგების განეიტრალების მიმართულებით. 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე“, – განაცხადა გომელაურმა.