ვახტანგ გომელაური - სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის დადგენაში ამერიკული მხარე გვეხმარება
ვახტანგ გომელაური - სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის დადგენაში ამერიკული მხარე გვეხმარება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის დადგენაში ქართველ კოლეგებს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ეხმარებიან. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვეხმარება FBI და იმედი გვაქვს, ყველაფერი დადგინდება. ერთ-ერთის ვინაობა ვიცით. ამერიკულ მხარეს ვთხოვეთ და ისინი გვეხმარებიან დანარჩენი პირების ვინაობის დადგენაში“, – აღნიშნა გომელაურმა.

მისივე თქმით, ამერიკული მხარე გამოძიებას იარაღის სამალავის დადგენასა და მის დამუშავებაშიც დაეხმარა.

„მათ იარაღების სამალავის აღმოჩენაში დიდი წვლილი აქვთ – ინფორმაციის მოწოდების მხრივ. შემდეგ, ამერიკულ მხარესთან ერთად, მოხდა სამალავების დამუშავება“, – აღნიშნა გომელაურმა.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.