ვახტანგ გომელაური - სოფელ ატოცთან რუსული და ოსური მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ უკანონო ქმედებებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცთან რუსული და ოსური მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ უკანონო ქმედებებს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, სოფელ ატოცში ერთი თვის წინ დაყენებულ ბოძებზე რკინის ცხაურებს აკრავენ.
„უკანონო ქმედებებს ისევ და ისევ აგრძელებს რუსული და ოსური მხარე, ეს ერთი და იგივეა ჩემთვის. ეს რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ერთი თვის წინ დაყენებულ ბოძებზე რკინის ცხაურების დაკვრა დაიწყეს. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. გუშინ და გუშინწინ იყო განცხადებები, თითქოს ჩვენი სპეცდანიშნულების რაღაც ჯგუფები, დაზვერვითი ჯგუფები გადადიან იქ, ზვერავდნენ, რაც აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერო და სპეცდანიშნულების რაზმის ჯგუფების გადასვლას არ აპირებდნენ. პირიქით, მათ რამდენიმე ხნის წინ დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს. დღევანდელ ქმედებებზე უსაფრთხოების სამსახურმა საქმის კურსში ჩააყენა ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ“, – განაცხადა გომელაურმა.