ვახტანგ გომელაური - შოვში მთელი ღამე გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები, უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით
ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე ხუთი სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში დაიწყო მიღებული ინფორმაციების პირველადი ანალიზი, შედეგად მყისიერად მოხდა სამაშველო ღონისძიების დაგეგმვა, დაიწყო სწრაფი მორეაგირე ჯგუფებისა და ავიაციის მობილიზება.
„რაჭაში დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ჩემი მოადგილეები, მათ შორის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ასევე, შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები. თბილისიდან და ქუთაისიდან მობილიზდა ვერტმფრენები. უკვე მოგახსენეთ და საჯაროდაც არაერთხელ მოხდა ამის განმარტება, რომ, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო ოპერაციაში. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თბილისიდან გაფრინდა 16:54 საათზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ის სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში (18:04 ჩაფრენის დრო)“, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, ვერტმფრენის სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის აუცილებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭირო ძალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა, მობილიზება, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა ერთ-ნახევარ ტონა ტვირთს.
„აქვე გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ფრენის ხანგრძლივობაც. სამაშველო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო მეორე ვერტმფრენი და ორივე სამაშველო ვერტმფრენმა, ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 3 აგვისტოს, დაღამებამდე ხუთი შემოფრენა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამავე დღეს, დაახლოებით 23:00 საათისთვის სტიქიის ზონაში მობილიზებული და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, კინოლოგთა ჯგუფი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები. უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით. ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე ხუთი სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას.
პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეების გადაყვანა და განთავსება. ასევე, მოხერხდა სტიქიის ეპიცენტრიდან გარემოს მოწყვეტილ ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა მამისონის სექტორზე, უსაფრთხო გარემოში განათავსეს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.