ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა
ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა

რუსთაველის გამზირზე აქციებზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, აქედან ორი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში 40 პირი დააკავეს.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებული სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგანს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. ეს ტელევიზიაშიც ძალიან კარგად ჩანდა. ნუ ნერვიულობთ და ნუ ღიზიანდებით, ჩართეთ ოპოზიციური ტელევიზიები და ნახავთ, პირდაპირ ეთერშიც ჩანდა ძალიან კარგად. ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დაკავდა 40 პირი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.