ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, გაწერილი სამთავრობო გეგმებისა და სხვადასხვა რეფორმების განხორციელებამ საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გატარებული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო კვლევები მეტყველებენ.
„გასულ წელსაც მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებისა და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არაერთი რეფორმა განვახორციელეთ. აღნიშნული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე კი კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე ის საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომელიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.