ვახტანგ გომელაური - შეიძლება, ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს, გვაცადეთ
შეიძლება, ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ის გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მეორე ეტაპი თავდამსხმელის დაკავებასა და დასჯას გულისხმობს.
„მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა. გვაცადეთ. დღეს დილით დამთავრდა ეს ღონისძიება, ხომ? პირველი ამოცანა, რაც იყო, ადამიანების გადარჩენა, შესრულდა, 43 მძევალი გავათავისუფლეთ, არც ერთი მათგანი დაშავებული არ არის. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ თავდამსხმელს თანამზრახველი ჰყოლოდა, გომელაურმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.
„წინასწარ ვერ გეტყვით ვერც ერთ თემას. მესმის, რომ ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება, იმ 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი. ვერავინ ვერ იტყვის ამას, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ დააბრალო ადამიანებს რაღაც მტკიცებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, აქვს თუ არა გამოძიებას ინფორმაცია თავდამსხმელის ადგილსამყოფელის შესახებ.
ის ასევე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებას, რომ თუ თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს გადაკვეთს, ისინი „ქართულ მხარესთან მისი გადაცემის შესახებ ისაუბრებენ“.
„თუ გადმოგვცემენ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჯერ ვნახოთ, გადავა თუ არა“, – აღნიშნა გომელაურმა.