ვახტანგ გომელაური - შედარებისთვის, 2007 წელს მოხდა ყველაზე მეტი, 330 მკვლელობა, 2021 წელს კი 77
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა ბოლო წლებში დანაშაულის კლების ტენდენციაზე ისაუბრა და კონკრეტული ციფრები დაასახელა.
„სტატისტიკაზე ფართოდ მინდა, ვისაუბრო. არ ვიცი, რომელ სტატისტიკაზე გვესაუბრებით ხოლმე ზოგიერთები. საერთოდ, არ მიყვარს ხოლმე გასული ხელისუფლების შესახებ საუბარი, თუმცა ორი სიტყვით გეტყვით, რომ მკვლელობა 2006 და 2012 წლების პერიოდში ყველაზე მეტი მოხდა 2007 წელს. ერთ წელიწადში მოხდა 330 ფაქტი. მკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2011 წელს – 102 ფაქტი, როდესაც 2013 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი იყო 2013 წელში – 120 ფაქტი და ახლა ყველაზე დაბალი არის 2021 წელს – 77.
მკვლელობის მცდელობა – 2007 წელს მოხდა ყველაზე მეტი – 411 ფაქტი, 2013 წლიდან ყველაზე ბევრი არის 173 ფაქტი მომხდარი. ყაჩაღობა – 2006 წელს მოხდა ყველაზე მეტი ყაჩაღობა 2 160 ფაქტი და 2013 წელს ყველაზე მეტი – 405 ფაქტი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.