ვახტანგ გომელაური - სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, ინფორმაცია ზუსტდება
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება.
„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა.
ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. თუმცა, ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდეც გაგრძელდება, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს. ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი. მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ბეტონების და სინკარების გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
ჩვენი ინფორმაციით, უნდა იყვნენ დაახლოებით ორი ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს. როგორც მე მომახსენეს მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, 100 პროცენტით ვერ გიდასტურებთ. სავარაუდოდ ადამიანის ცხედარია. მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ, სავარაუდოდ გარდაცვლილი უნდა იყოს.
ზუსტ რაოდენობას იმიტომ ვერ ვადასტურებთ, რომ შეიძლება, ვიღაც სტუმრად იყო, ბევრი დაკეტილი ბინა იყო და მფლობელები თბილისში არიან. ისინი ვერ გვიდასტურებენ, ბინაში ვინმე იყო თუ არა. არის შემთხვევები, როდესაც აცხადებენ, რომ ნათესავს ჰქონდა გასაღები; ნათესავები ამბობენ, არავინ შემიშვიაო, მაგრამ ამას ვერ ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ვერ გეუბნებით ზუსტ რაოდენობას. გამოძიება მიდის, დეტალებში ვერ შევალ. თუ ბოლომდე არ ჩავალთ, ხომ ვერ დავამთავრებთ გამოძიებას. ექსპერტებმა უნდა იმუშაონ და დადონ, თემა რამ გამოიწვია კორპუსის ჩამონგრევა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ გომელაურმა.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.