ვახტანგ გომელაური - სამწუხაროა, რომ ღობეს ავლებენ და გამყოფ ხაზს აკეთებენ, თუმცა ეს ტერიტორიები საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავება ძალიან ცუდი ფაქტია და მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი არაფერს ერიდება.
„ძალიან ცუდი ფაქტი იყო დამკვირვებლები რომ დააკავეს და გადაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის პრობლემა აქვთ ხოლმე პრესას, მოქალაქეებს – რატომ არ გვიშვებთ, შევალთო. მაინც პრობლემაა. შეიძლება დააკავონ, გადაიყვანონ და დიდი პრობლემა შეიქმნას არაფრის გამო. ვნახეთ, რომ ამ ადამიანებსაც არ ერიდებიან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა საოკუპაციო ხაზთან ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ღობეებს ავლებს.
ამასთან, შს მინისტრის თქმით, ეს ტერიტორიები საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა.
„რაც შეეხება ვითარებას, გამწვავებული ნამდვილად არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე აფასებენ. გაავლებენ 100 მეტრ ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაკარგა სახელმწიფომ ახალი ტერიტორიებიო. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. სადაც ღობე არ არის გავლებული იქ გადავდივართ, ვხნავთ ან ვთესავთ, ნათესავებთან მივდივართ? ვერ მივდივართ. ღობე იქნება იქ თუ უკაცრავად და, რუსული ჯარი იქნება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იმავეა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ღობეს რომ ავლებენ და გამყოფ ხაზს აკეთებენ, თუმცა ის, რომ დღეს დაკარგა საქართველომ 500 მეტრი ტერიტორია, არა. ის დაკარგა საქართველომ 2008 წლის შემდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთის მიმართულებით ყველგან ღობე არ არის გავლებული, თუმცა ტერიტორიები დაკარგულია.
„ღობე არ არის გავლებული აფხაზეთის მიმართულებით ყველგან. ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში ღობე არ არის გავლებული, დაკარგული არ გვაქვს? არასწორი თემაა. ნამდვილად გადმოწიეს ღობე ჩორჩანაში, ღობე არა, საგუშაგო გაგვიხსნეს, სამწუხაროდ საპასუხოდ იმის, რომ ჩვენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, ტარდება პრევენციული ღონისძიებები და კეთდება ყველაფერი, რომ არ გამწვავდეს სიტუაცია.
„პრევენციული ღონისძიებები ტარდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ჩაგვითრიონ დაძაბულობაში, არ მოხდეს სროლები, არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ღონისძიებაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, საკუთარი მოსახლეობა დაიცვას.