ვახტანგ გომელაური - სამინისტრო შეიძენს მრავალფუნქციურ შვეულმფრენებს, რომლებსაც შეეძლებათ, საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შესრულება
მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება გაფორმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები.
„სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არა მარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, – აღნიშნა გომელაურმა.