ვახტანგ გომელაური - სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე
შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე, უმოკლეს დროში – ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე.
„სტიქიის ზონაში პირველი ვერტმფრენის მისვლამდე გაცილებით ადრე, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე, უმოკლეს დროში – ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, რომლებმაც დაიწყეს სამაშველო ღონისძიებების განხორციელება. სწორედ თანმიმდევრული რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა. შესაბამისად, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.