ვახტანგ გომელაური - საგანგებო რეჟიმის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან
საგანგებო რეჟიმის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„გასულ დღეებში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორ ხდებოდა თვითიზოლაციის თუ კარანტინის რეჟიმის დარღვევა. საერთო ჯამში, 100-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გაკონტროლება გაგრძელდება და დაემატება ადმინისტრაციული ჯარიმა – 3 000 ლარი, მეორე დარღვევის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც არც თვითიზოლაციაში და არც კარანტინში იმყოფებიან, მათ ეხებათ რეკომენდაციები 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის შესახებ. ასევე, მათ მიეცათ რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს სალარო აპარატთან რიგის დაცვა და დისტანცირება.
დიდ სუპერმარკეტებში შეიძლება 10 კაციც და 100 კაციც შევიდეს, მაგრამ იქაც უნდა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები – პირბადე, დამცავი საშუალებები, დისტანცირება.
რესტორნები დაიხურა, მაგრამ თუ იქ შეიკრიბება ხალხი, დაჯარიმდებიან როგორც რესტორნების მეპატრონეები, ასევე დამრღვევი ფიზიკური პირები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.