ვახტანგ გომელაური - საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, მითია
საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, მითია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
ამასთან, გომელაურმა ისაუბრა რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე.
„ცხელ დროს, ომის დროს რაც იყო, რუსეთის მოქალაქეების სადღაც 40 პროცენტი უკვე გასულია. მთლიანობაში, 44 პროცენტი იყო, რომლებიც იყვნენ ორმაგი მოქალაქეები. თუ არ ვცდები, 33 პროცენტი იყო ისეთი, რომელიც იყო საქართველოში დაბადებული. ესენი იყვნენ როგორც ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ა.შ. რომლებიც წავიდნენ რუსეთში, შემდეგ დაკარგეს მოქალაქეობა და ითხოვდნენ აღდგენას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იყვნენ დაბადებული საქართველოში, მათი მშობლები, დები, ძმები ცხოვრობენ აქ. აღინიშნა, რომ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისთვის მოქალაქეობის მიცემა-არმიცემასთან დაკავშირებით. საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ეს მითია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლას და დეპუტატების შეკითხვებს, გომელაურის თქმით, ოპოზიციის ნაწილს მნიშვნელოვანი შეკითხვები ჰქონდა, თუმცა იყო არასერიოზული კითხვებიც.
„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მტკივნეული შეკითხვებით, იქედან გამომდინარე, მართლა რა საჭიროება და პრობლემაც არის ჩვენს ქვეყანაში, მადლობა მნიშვნელოვანი შეკითხვებისთის. იყო არასერიოზული კითხვებიც, როგორც ყოველთვის, მერამდენედ ვარ პარლამენტში. ყველაზე ვერ ვიტყვი, რომ გამოდის და ცუდს ლაპარაკობს. ყოფილა შემთხვევა, რაღაცაში სწორი იყო და ეს მისაღებია. სულ რომ ფაქტებით მოგვეტანა თემა, არ მოსწონთ, ეს ადამიანები სულ ასე იქნებიან და გული არ მწყდება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.