ვახტანგ გომელაური - საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ ორი ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა
საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ ორი ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის – ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება.
„საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აკრედიტაცია მიიღეს თბილისის ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და ბათუმის დოკუმენტების ტექნიკური და გრაფიკული ექსპერტიზის ლაბორატორიამ; 2022 წელს გაგრძელდება მიმდინარე პროექტის – ISO-სტანდარტის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, კერძოდ: ტრასოლოგიური ექსპერტიზის, ქიმიური ექსპერტიზის, მათ შორის ნარკოტიკების და მიკრონაწილაკების ექსპერტიზების მიმართულებით – თბილისში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მიმართულებით – გურჯაანში და ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით – ბათუმში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის INL-ის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოსთვის დაგეგმილია შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება და ISO აკრედიტაციის მიღება ავტორიტეტული ამერიკული აკრედიტაციის ორგანოსგან. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დამატებითი ლაბორატორიები მოეწყობა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების შენობებში. აგრეთვე, ნივთმტკიცების ახალი საცავი – თბილისში“, -აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.