ვახტანგ გომელაური - სად დავაყენებ პოლიციელებს და როგორ, არავისი საქმე არ არის, ამას ვწყვეტ მე
სად დავაყენებ პოლიციელებს, არავისი საქმე არ არის, ამას ვწყვეტ მე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც ბანკებთან შეიარაღებული სამართალდამცველების, ესებუას საქმითა და კრიმინალის შემცირების საკითხით დაინტერესდნენ.
მისივე თქმით, საქართველოში კრიმინალმა იკლო. ამასთან, გომელაურის განცხადებით, უწყება მუშაობს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე.
„მე სად დავაყენებ პოლიციელებს, დავაყენებ შეიარაღებული ავტომატებით თუ პისტოლეტებით, ეგ არავისი საქმე არ არის. ამას მე ვწყვეტ. კრიმინალი არ გაზრდილა, პირიქით – იკლო. ესებუას საქმეზე ვმუშაობთ. მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და ტვირთი, აკრძალული ნივთები გადაჰქონდა. საქმეზე ვმუშაობთ და ამ ეტაპზე ღიად ვერ ვსაუბრობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კრიმინალური ფაქტები აღარ მოხდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.