ვახტანგ გომელაური - საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ რიგები დგას, გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს, გვეხმარება უსაფრთხოების სამსახურიც
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ რიგები დგას, გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს, გვეხმარება უსაფრთხოების სამსახურიც, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა კითხვაზე, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სრული დატვირთვით მუშაობს და არის თუ არა მზად საქართველო უცხოეთიდან მოქალაქეების მისაღებად.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
„მე ვიტყოდი, რომ უკვე პიკზეა მისული და რთულია, რიგები დგას ჩვენს მხარეზეც. ახლაც უკვე გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს აქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. მათ შორის, გვეხმარება უსაფრთხოების სამსახურიც. უნდა ვთქვათ, რომ პიკზე ვართ. ამაზე მეტი აღარ მგონია, გაიზარდოს შემომსვლელთა რაოდენობა. ფიზიკურად ვერ გავატარებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, გომელაურს კითხვა დაუსვეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, საზღვარზე წესრიგის უზრუნველსაყოფად, ჯავშანტრანსპორტიორი განათავსეს. კითხვაზე, უსაფრთხოების მხრივ რას აკეთებს საქართველო, გომელაურმა განაცხადა:
„არა ათასობით ადამიანი, მაგრამ დამატებითი პოლიციის ძალები მაინც გადავიყვანეთ, რომ მიეხმარონ გამშვებ პუნქტზე. ვთქვათ, რამე რომ დასჭირდეთ, ან გაყვანა, დაკავება, გაძევება, დასახმარებლად“, – აღნიშნა გომელაურმა.