ვახტანგ გომელაური - ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული უცხოელ პარტნიორებთან ერთად, არაერთი ადამიანი დავაკავეთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას უცხოელ პარტნიორებთან ერთად აწარმოებს და არაერთი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ვახტან გ გომელაურმა ჟურნალისტებს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ განუცხადა.
„ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული უცხოელ პარტნიორებთან, გერმანიის პროკურატურასთან ერთად. არაერთი ადამიანი დავაკავეთ. პროკურატურის დავალებით, ჩვენც გვქონდა მონაწილეობა მიღებული ადამიანების დაკავებაში. ასევე, ჩართული იყო ფინანსური პოლიცია. ეს მუხლები პროკურატურაშია განსაზღვრული, ხულიგნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება და ამაზე არ უნდა დაიწყოს გამოძიება ფინანსურმა პოლიციამ ან უსაფრთხოების სამსახურმა. ასევეა მუხლები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეხება. თუ პროკურატურა სპეციალურად დაუქვემდებარებს, შეიძლება, დავიწყოთ. თუმცა, ეს ქვემდებარე ჩვენი მუხლები არ არის. ეს ავუხსენი სხდომაზე ოპოზიციას და რატომღაც მათ სხვანაირად შეფუთეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრს აქვს აღნიშნული ქოლცენტრები, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ეს აბსურდია.
„თავდაცვის მინისტრის გადასაწყვეტია ახლა, ამ ცრუ ბრალდებაზე თუ უჩივლებს. ალბათ სასამართლოში იმსჯელებენ და იქ შეხვდებიან“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.