ვახტანგ გომელაური - ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა
ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
„ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ღონისძიებას ესწრებიან და სხვადასხვა ქვეყნიდან თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ წლების განმავლობაში ხელს უწყობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, მადლობას გიხდით ჩვენი მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.